თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პრესსამსახური: თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის მასალებს პრემიერი არ იცნობს

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იცნობს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებული საქმის მასალებს, სიმართლეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ პროკურატურამ ტაბულას სატელეფონო საუბარში უთხრა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქმეზე სიტყვიერი ინფორმაცია მიიღო. ამასთან, დეპუტატი დავით საგანელიძე აცხადებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის დიდ ნაწილს იცნობს. ენმ-ის წევრის ლევან ბეჟაშვილის ცნობით, პრემიერმა თანაგუნდელებს საქმის მასალები სლაიდებად აჩვენა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას შესახებ საზოგადოება ბევრ სიურპრიზს გაიგებს.

"პრემიერმინისტრისთვის ცნობილია პროკურატურის საჯარო განცხადებები, ასევე, ბუნებრივია, მთავრობის მეთაური ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს დამატებით ინფორმაციას, მაგრამ არა საქმის მასალებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გამოძიების მასალებზე ხელი არავის მიუწვდება, გარდა საქმეში მონაწილე პირებისა", - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

პროკურატურაში კი, გუშინ ტაბულას უთხრეს, რომ "ჩვენ მივაწოდეთ სიტყვიერი ინფორმაცია კომპეტენტურ ორგანოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, თუ რა ინფორმაციის გასაჯაროების უფლებაც გვქონდა. მხოლოდ ეს ინფორმაცია".

ხოლო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ინტერესების დამცველები პროკურატურას მოუწოდებენ, მისცეს დაცვის მხარეს საშუალება, გაეცნოს საქმის მასალებს. საიას ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. მისი თქმით, არცერთი თანამდებობის პირი, მათ შორის, პრემიერმინისტრი გამონაკლისი არ არის და საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტრდაზვერვამ ანუ იმ ორგანომ, რომელთანაც მასალები ინახება, ეს არ დაუშვა. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, მას არ შეუძლია, არ გამოეხმაუროს დავით საგანელიძეს, "რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებში წაიკითხა საქმის მასალები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვაც კი წარმოგვიდგინა ლამის და რამდენი ტენდერი ჩატარდა, როგორ ჩატარდა და რანაირად ჩატარდა. გასაკვირია, როდესაც ამდენი დღის განმავლობაში, პროცესის მონაწილე ადვოკატები ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას, თურმე საჯაროდ პოლიტიკოსები ეცნობიან ამ საქმეს, ანუ საჯაროდ თუ დახურულ ფორმატში, მნიშვნელობა არ აქვს. ის ადამიანები, რომლებსაც წვდომა არ აქვთ საიდუმლო მასალებზე. ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

კომენტარები