კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: თავისუფალი დემოკრატები კარგი და წესიერი ადამიანები არიან

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავისუფალი დემოკრატები კარგი და წესიერი ადამიანები არიან. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დილით, პრემიერი მიიჩნევდა, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია "უჭკუო, ავანტიურისტი და ამბიციური" მინისტრი იყო და მან "2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვებას" უღალატა.

"ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანმშრომლობისათვის, რათა 
ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცის პროცესი. მქონდა იმედი, რომ თავისუფალი დემოკრატები 
დარჩებოდნენ მმართველ კოალიცაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გაძლიერებს", - თქვა პრემიერმინიტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებსაც გამოძიება სჭირდება. ღარიბაშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და პოტენციური კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომელ მინისტრს ან სტრუქტურას შეიძლება ეხებოდეს, დათმობა არ მოხდება. 

“ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. მე პირადად ვხედავ ევროატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს. იმედი მაქვს, გესმით, რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში“, - მიმართა პრემიერმა დიპლომატებს.

კომენტარები