თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: უდანაშაულო ბიჭები გამოუშვან და თუ შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ ჩემთან

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პროკურატურა მის მიმართ პოლიტიკურ იერიშს აწარმოებს. ამის შესახებ ალასანიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ თქვა. მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, გამოძიება მის წინააღმდეგაც დაიწყოს. ირაკლი ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები უდანაშაულოები არიან და "ამ ყველაფრის მთავარი სამიზნე" თავად არის.

"ბუნებრივია, ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურატურის მიერ წარმოებულ იერიშზე პოლიტიკური ნიშნით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ზოგადად თავისუფალი დემოკრატების მიმართ. როგორც ელჩმა აღნიშნა, დაინტერესებულები იქნებიან, რომ გამოძიება წარიმართოს ღიად, მაგრამ ღიად ვერ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ეს ეჭვები, რომელიც მყარდება, დღითი დღე საქართველოს აზიანებს. ჩემი მთავარი ამოცანაა, სწრაფად დაიწყოს ღია გამოძიება. ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, ყველაფერს ველოდები და პირიქით, მოვუწოდებ, მე ხომ ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ვარ მე და მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ და თუ რამე შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ ჩემთან", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს საქართველოს პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. იქამდე, ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე შეტევაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, 11 პირი დააკავა. მათ შორის, ხუთი მაღალჩინოსანი და სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელები. ალასანიას გადაყენების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ, ასევე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ქმედება საბოტაჟს ჰგავს. ამასთან, მან ირაკლი ალასანიას მოღალატე, უჭკუო, ამბიციური და ავანტიურისტი უწოდა.

კომენტარები