კრიზისი კოალიციაში

უსუფაშვილი: ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, მისი განხორციელება შენელდა

David Usupashvili Official

მმართველ კოალიციაში შექმნილ კრიზისთან და მთავრობის წევრთა გადადგომებთან დაკავშირებით ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, თუმცა მისი განხორციელება შენელდა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარტნიორი ქვეყნის ელჩები კითხვებს სვამენ როგორც კურსთან დაკავშირებით, ისე ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებზე.

„დღეს თავისუფალი დემოკრატების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯმა და მათმა განცხადებებმა, რომლებსაც ვთვლი, რომ იყო ნაჩქარევი და ემოციურ ფონზე გაკეთებული, თითქოს ქვეყნის მიმართულება იცვლება და საფრთხეშია... უამრავი კითხვა გააჩინა გარეთ, თუ რა ხდება საქართველოში, რატომ ხდება ასეთი მოვლენები", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, „ჩვენ დღესაც, ხვალაც და კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოგვიწევს იმის ახსნა, თუ რა მოხდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ელჩებთან და ჩვენს სტუმრებთან, რომელთათვისაც ცოტა გაუგებარია, რა ხდება და რატომ ხდება".

„ქვეყნის კურსი არ იცვლება... მაგრამ ერთია კურსი არ შეცვალო, მეორე - რა ტემპით მიდიხარ იმ დასახული ამოცანებისკენ. ფაქტია, რომ ჩვენ ტემპი შეგვიმცირდა, რადგან გამოგვაკლდა ხალხი, რომლებიც ამ საქმეს მიჰყვებოდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათი შემცვლელებიც გამოჩნდება. მეორე მხრივ, ტემპი შეჩერდა მათი განცხადებებით, იმ ადამიანების განცხადებებით, ვინც იყო კონტაქტში მთელ დანარჩენ სამყაროსთან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებთ, უმჯობესი იქნებოდა „ყველა მხარეს ცოტა მეტი დაფიქრება გემოეჩინა" იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომელმაც შექმნილი ვითარება გამოიწვია.

კომენტარები