სესიაშვილი: არსად არავის გასჩენია საქართველოს ევროპულ არჩევანთან რაიმე ეჭვი

radiotavisupleba.ge

"ის ეჭვები რაც გაჩნდა ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური პროცესის ნაწილი და, რეალურად, არსად არავის გასჩენია საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ეჭვი," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი პრემიერმინისტრის NATO-ს გენერალურ მდივანთარ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს რათა საქართველო NATO-ს წევრი გახდეს და მათ შორის არის საქართველოსა და NATO-ს ერთობლივი სასწავლო ცენტრის დაფუძნება საქართველოში.

"უშუალოდ გადავდივართ იმ ეტაპზე რასაც ჰქვია ყოველდღიური შრომა კონკრეტულად იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამისთვის ვდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო-NATO-ს სასწავლო ცენტრის დაფუძნება საქართველოში. ასე, რომ ამ პროცესს NATO მხარს უჭერს. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ," - თქვა სესიაშვილმა.

ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სტოლტენბერგის თქმით, პრემიერმა შეხევდრაზე ნათლად გამოხატა ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გრძელდება და ამის გამო არ არსებობს მიზეზები, რომ ეჭვი შეეპაროს საქართველოს კურსში.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დროულად და ეფექტურად განახორციელოს პაკეტი, რომელიც NATO-მ უელსის სამიტზე მიიღო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაფუძნების საკითხიც.

კომენტარები