ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

ღარიბაშვილი: მჯერა, ოკუპირებული ტერიტორიები NATO-ს საგანგებო საკითხად დარჩება

facebook.com/GaribashviliOfficial

"მინდა გამოვხატო წუხილი და შეშფოთება იმის გამო, რომ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს, რითიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონისა და, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი NATO-ს საგანგებო საკითხთა შორის დარჩება," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ღარიბაშვილის თქმით, სტოლტენბერგთან ერთად მან განიხილა რეგიონალური უსაფრთხოების ღონისძიებები, მათ შორის, რუსეთის ბოლო წინადადება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, აფხაზეთთან, ე.წ. ალიანსისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დროულად და ეფექტურად განახორციელოს პაკეტი, რომელიც NATO-მ უელსის სამიტზე მიიღო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად.

"ჩვენ მზად ვართ დროულად და ეფექტურად განვახორციელთ NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი რომელიც უელსის სამიტზე მიიღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად... ნება მომეცით აღვნიშნო, რომ საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავიშურებთ ჩვენი მხრიდან  მიზნის მისაღწევად ძალისხმევას. გვჯერა, რომ ალიანსი თავისი ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგული დარჩება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს," - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები