სოციალური რეკლამა

ენმ სოციალური რეკლამის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

news.ge

ნაციონალური მოძრაობა სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. სერგო რატიანის თქმით, აღნიშნული კანონით საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა.

"გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 28 ოქტომბერს ვეტოს დადების მოთხოვნით მივმართეთ მას.

აღსანიშნავია, რომ იმავე მოთხოვნით პრეზიდენტს არასამთავრობოებმა და სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლებმაც მიმართეს.

კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების პირობებს. ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს კანონი მედიის თავისუფლებას და არ ისურვა თავისი უფლების გამოყენება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად.

ჩვენი მხრივ, ამ კანონს გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია", - აღნიშნა რატიანმა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონის მიხედვით, "მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს მარეგულირებელი კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით".

კომენტარები