ალასანიას ინტერვიუ Forbes Georgia-სთან

ალასანია: ინსტიტუტებისა და კანონის ნაცვლად, ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს

Forbes Georgia

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მოსაზრებით, იმის გამო, რომ დღეს ქვეყანას ინსტიტუციები არ მართავს და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება იჭიმება. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმ დეტალების ცოდნაა, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ალასანია მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამის შესახებ მან გამოცემა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"დღეს, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და დღეს ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის, რასაც სჭირდება 5 წუთი, თუნდაც 1 დღე, ეს იჭიმება 2 თვე. ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედული არის თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი - პრემიერმინისტრი; როდესაც მას აქვს ვალდებულება იმის, რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი", - აღნიშნავს ალასანია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს "სულმოკლე ადამიანსაც" უწოდებს.

ალასანია ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილზეც საუბრობს - "როდესაც მართალი კაცი ხარ, სახეს არ კარგავ. მაგრამ, როდესაც იცი, რომ შენს ნაბიჯებს უკან პოლიტიკური მოტივი აქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, სიმართლის ძალა შენს სახესაც არ აქვს და შენს სიტყვებს".

ალასანია ასევე ეჭვობს, რომ "ვიღაცას უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის შესრულებისა და აღსრულების შენელება ჰქონდა განზრახული".

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს - "ჩემთვის კითხვა აღარ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ, იმიტომ, რომ მე ძალიან მიმძიმს, ვიყო თავისუფალი და გარეთ, როცა ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, ზის საპყრობილეში".

"იმედგაცრუებები ცხოვრებისეული გამოცდილების ყველაზე კარგი შესაძლებლობაა - ცხოვრებაა ასეთი. მით უმეტეს, პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე", - ამბობს ალასანია.

ირაკლი ალასანია თეა წულუკიანის მიერ პოსტზე დარჩენასაც გამოეხმაურა - "ის, რაც ერთად გამოვიარეთ მე და თეამ, 5 წლის განმავლობაში, ამას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს, ეს მისი არჩევანია".

კომენტარები