საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ალასანია: არ დგას აუცილებლობა, უკრაინამ სხვა ქვეყნიდან მიიწვიოს მინისტრები

"არ მგონია, რომ სუვერენული ქვეყანა, როგორიც უკრაინაა დღეს იდგეს იმის აუცილებლობის წინაშე, რომ სხვა ქვეყნიდან მოიწვიოს მინისტრები და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები,” - თქვა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის შესახებ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, შეიძლება ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს ამგვარი დანიშვნის განხორციელების სურვილები ჰქონდეთ, თუმცა  მსგავსი ინფორმაცია მას არ გააჩნია. ალასანია თვლის, რომ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს უკრაინაა, უკრაინელებმა თავად უნდა მოუარონ საკუთარ ქვეყანას.

“უკრიანა ძალიან რთულ ვითარებაშია. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ევროპა ყველაფერს აკეთებს, რომ მათ მხარში დაუდგეს, მაგრამ ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია. მათ უნდა მოუარონ საკუთარ სახლს, საკუთარ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სწორედ საკუთარ თავში უნდა იპოვნონ ძალები იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. რჩევის მიცემა არ მინდა არავისთვის. უბრალოდ ვხვდები, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც უკრაინელებემა თვითონ უნდა გადაწყვიტონ და თვითონ უნდა გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და განვითარებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

კომენტარები