ბიძინა ივანიშვილი

თარგამაძე: ივანიშვილმა თამაზაშვილის კლანს ზედამხედველები დაუნიშნა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის შეფასებით, "ის, რაც ხდება ქვეყანაში, უპრეცედენტოა". როგორც თარგამაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა თამაზ თამაზაშვილის ოჯახი 
"იქირავა". მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში კორუფცია იმაზე მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო. თარგამაძემ ბოლო პერიოდში გურიის გუბერნატორის, ასევე, ზვიად ჯანყარაშვილის და სხვა რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრინციპულად არაფერი შეცვლილა და ივანიშვილმა მხოლოდ ზედამხედველები დანიშნა.

"ივანიშვილს ჰყავს ნაქირავები ოჯახი. თავისი ოჯახი არ ჩათვალა ბიძინამ საკმარისად, რადგან არ ჰყავს ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მოეცვა. ამიტომ, იქირავა ღარიბაშვილის, უფრო ზუსტად, თამაზაშვილის ოჯახი. ესეც მეტყველებს იმაზე, რა დეფიციტი აქვს ივანიშვილს, რადგან ჩემი ინფორმაციით, მას თამაზაშვილი არც არასდროს ეხატებოდა გულზე, მაგრამ სხვა ვერავინ იპოვა, და ამ ოჯახმა მართლაც მოიცვა მთელი სივრცე ანუ ყველა სარფიანი სფერო, სადაც იშოვება ფული" - განაცხადა გივი თარგამაძემ და აღნიშნა, რომ თამაზაშვილის ე.წ კლანი ბევრად უფრო დიდია.

"ალბათ კვირის განმავლობაში წარმოგიდგენთ დეტალიზებულად. იმ ტენდერებსაც, რომლებიც კატასტროფის დონეზეა და კორუფცია უფრო დიდია, ვირე შევარდნაძის დროს, რადგან ახლა მეტი თანხა იშოვება ქვეყანში. ერთი მინდა გითხრათ, ეს ოჯახი ტოტალურად ფლობს ყველა ცენტრალურ სფეროს და ფლობს ახლაც. ახლა ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს ივანიშვილი გამოფხიზლდა და რკინის ხელით შეებრძოლა კორუფციას. ეს ასე არ არის, რადგან თუ ჩვენ ბოლო დღეებს გადავხედავთ, ექვსი მოხსნილი ადამიანის ნაცვლად დაინიშნა ისევ ექვსი. აქედან სამი არის პირადად ივანიშვილის ადამიანი, ისინი ზედამხედველებად დაინიშნენ, სამი ადამიანი კი, დაინიშნა იგივე - ჯანელიძის გაგრძელება, ღარიბაშვილის შსს-ს დროინდელი, ჯანყარშვილის კაცი.. ანუ ბალანსი ასე ადვილად არ ირღვევა. ალბათ ცენტრალური გადაწყვეტილება ივანიშვილის იყო ის, რომ სუს-ის უფროსად დანიშნა თავისი კერძო ფინანსისტი ანუ რეალურად, ეს იყო შიდაოჯახური გარჩევა, სადაც გაიტყიპნენ ზოგიერთები და დაინიშნა კონტროლი. ანუ ივანიშვილი იმას კი არ იძახის, ფული არ მოიპაროთო, იძახის, რომ "თქვენ რომ ფულს იპარავთ, მე უნდა ვიცოდე, ეს ფული სად მიდის, ეს უნდა იყოს ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ". ამისთვის სუს-ის ფუნქციებიც კი გაწირა ნაწილობრივ, ვინაიდან ფინანსისტმა რა იცის სუს-ის მუშაობა, მაგრამ ის დააკვირდება ფინანსურ ნაკადს, როგორ მოძრაობს ფული და დაექვემდებარება ივანიშვილის კონტროლს. არსი ის არის, რომ შეიძლება ცვლილებები გაგრძელდეს" - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილს არ ჰყავს ადამიანები, ვისაც ენდობა.

"ამიტომ იყო დაყრდნობილი ამ ოჯახს, რომელიც არც არასდროს ეხატებოდა გულზე. ასევე არის მეორე, მომიჯნავე ოჯახი, სადაც არის მისი საყვარელი დეიდაშვილი, ასევე, მისი შვილის ფაქტორიც არის, იქ არიან კალაძე და ფარცხალაძე.. ახლა ჩვენ ვნახავთ, რომ ეს კლანი გაძლიერდება, გარკვეული რევანშის მომენტი იყო უჩა დეიდაშვილისგან და თუ გამართლდა რაც ვიცი, რომ ყოფილი პირადი დაცვის უფროსი კვლავ ჩაუდგება დაცვის სახელმწიფო სამსახურს სათავეში, აღმოჩნდება, რომ ნდობა, რაც ჰქონდა ივანიშვილს ღარიბაშვილის მიმართ, აღარ აქვს" - თქვა თარგამაძემ თეორემაში.

კომენტარები