ეუთო-ს ანგარიში

ჭიაბერაშვილი: ეუთოს ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველოში ხორციელდება პოლიტიკური დევნა. ანგარიში საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება. 

"რასაც ეუთო აკვირდებოდა, გამოირჩევა იმ ხარვეზებით, რაც საერთო ჯამში და კომბინაციაში ნამდვილად ადასტურებს ამგვარი პოლიტიკური დევნის არსებობას. ამით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ინტერესებს. ცხადზე უცხადესია, რომ ეუთო-ს მონიტორინგმა დაადასტურა ის აღქმა, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს - საქართველოში ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგების შესახებ  ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ, მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს.

კომენტარები