შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს შესაძლოა უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს და უსაფრთხოების სააგენტოდ ჩამოყალიბდეს - ინიციატივა საქართველოს პრემიერმინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა, უსაფრთხოების სააგენტოში სპეცსამსახურები შევიდნენ, პოლიცია კი ცალკე იყოს, თუმცა ცვლილებები ჯერ იდეის დონეზე განიხილება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მალხაზ ჩიკვილაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სუს-ის უფროსად მირიან მჭედლიშვილი დაინიშნა. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, "ივანიშვილმა სუს-ის უფროსად დანიშნა თავისი კერძო ფინანსისტი ანუ რეალურად, ეს იყო შიდაოჯახური გარჩევა, სადაც გაიტყიპნენ ზოგიერთები და დაინიშნა კონტროლი". როგორც გივი თარგამაძემ გადაცემა თეორემაში თქვა, ივანიშვილმა "სუს-ის ფუნქციებიც კი გაწირა ნაწილობრივ, ვინაიდან ფინანსისტმა რა იცის სუს-ის მუშაობა, მაგრამ ის დააკვირდება ფინანსურ ნაკადს, როგორ მოძრაობს ფული და დაექვემდებარება ივანიშვილის კონტროლს".

ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს ამ საკითხებზე მსჯელობისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაც დაავალა. პრემიერი ამბობს, რომ ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასა და რეორგანიზაციას ისახავს მიზანად.

"წინასაარჩევნო დაპირებაში გვეწერა, რომ უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოფოდა შსს-ს და შინაგან საქმეთა სამინისტრო დარჩებოდა ცალკე. მე უკვე დავავალე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს, რომ სასწრაფოდ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვება პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი. მოვიწვევთ, უცხოელ და ადგილობრივ სპეციალისტებს. ამაში ჩართული იქნება, რა თქმა უნდა მთავრობა, რომ დაიწყოს მსჯელობა თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის რეფორმირება და როგორ მომზადდეს. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რასაც კარგი მოფიქრება და დაგეგმარება სჭირდება. ეს სამუშაო ჯგუფი იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე და აბსოლუტურად ღია. ყველას, NGO სექტორს, მთავრობას, პარლამენტს, მოწვეულ თუ ადგილობივ სპეციალისტებს მიეცემა საშუალება, რომ დასხდნენ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, ერთად შევიმუშავოთ თუ რომელი მოდელი აჯობებს ჩვენი რეალობისთვის. შეიძლება, უსაფრთხოების ბლოკი გამოიყოს ცალკე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიციური დანაყოფები. ეს არის იდეის დონეზე, რასაც ახლა კარგი დაგეგმარება სჭირდება. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ შეგნებულად არ გავაკეთეთ ეს რეფორმა, ვინაიდან სამი არჩევნები ჩავატარეთ, იყო ძალიან რთული გამოწვევები, ორწლიანი გარდამავალი პერიოდის დროს ვერ შევძლებდით ამ სამინისტროს რეფორმირებასა და გარადაქმნას. დღეს არის ის დრო, რომ დავიწყოთ მსჯელობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები