ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ბერუჩაშვილი: ასოცირება ევროკავშირის წევრობისკენ საინტერესო გზის დასაწყისია

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილის ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელშეკრულება არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დამსახურება, არამედ ქართველი ხალხის მიღწევაა.

"მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება, ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიღწევაა, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ კურსს.

ამასთანავე, ეს ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევის ნათელი შედეგია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების მყარ საფუძველს. ასოცირების შეთანხმება, რომელიც დროებით ამა წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, არის საქართველოს გაერთიანების, უსაფრთხოების და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამ შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური , სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. ამგვარად, ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული მომავალი რეფორმებისთვის",-თქვა ბერუჩაშვილმა.

ბერუჩაშვილისვე თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი მოვლენაა. "რეზოლუცია მხარდამჭერი ხასიათისაა და მოიცავს მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს გზავნილებს. საქართველო ევროპული პარტნიორების ერთგულია და ითვალისწინებს პარტნიორების, მათ შორის, ევროპარლამენტის რეკომენდაციებს.",-აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, "ასოცირება არ არის თანამშრომლობის საბოლოო მიზანი, ეს არის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი საინტერესო გზის დასაწყისი, რომელიც ქართველი ხალხის ოცნებას რეალობად აქცევს".

რაც შეეხება ვიზა ლობერალიზაციის საკითხს, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, რიგის სამიტისგან საქართველო უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაგმული ნაბიჯების დადასტურებას ელოდება.

თამარ ბერუჩაშვილმა პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე რუსულ მხარესთან შეხვედრისთვის სამინისტრო არ ემზადება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ესტონელ კოლეგასაც უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ასევე რეგონსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარადაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროპარლამენტში გუშინ მოხდა.

კომენტარები