საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

შოთაძე: უკრაინა ვალდებულია ადეიშვილი დაპატიმროს და საქართველოს გადმოსცეს

უკრაინა ვალდებულია იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, დაპატიმროს და საქართველოს გადმოსცეს - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

„თითოეული ქვეყნის, მათ შორის უკრაინის ვალდებულება არის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავება და ძებნის ინიციატორი ქვეყნისათვის გადაცემა ანუ ექსტრადირება. მე სხვა ქვეყნის პირად საქმეებში ვერ ჩავერევი, მაგრამ ეს არის ის სამართლებრივი პროცედურები, რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო“, - განაცხადა შოთაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები