c ჰეპატიტი

სერგეენკო: 2015 წლის მთავარი პროექტი C ჰეპატიტის მართვა და ელიმინაცია იქნება

ტაბულა

საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2015 წლის მთავარი პროექტი C ჰეპატიტის, როგორც დაავადების, მართვა და ელიმინაცია იქნება. მინისტრმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

"წლევანდელი ჩვენი მთავარი, ძირითადი პროექტი არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ მთლიანად მთელი მთავრობის, იქნება C ჰეპატიტის როგორც დაავადების მართვის, ელიმინაციის პროექტი. პროექტი, რომლის განხორციელებაც სულ მალე დაიწყება, შინაარსობრივად არ არის იაფიანი ან მიწვდომადი წამლის მიწოდება საქართველოს მოსახლეობისთვის მხოლოდ, არამედ ეს არის კომპლექსური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც კი მკურნალობა სჭირდება, მიიღოს ხარისხიანი და მიწვდომადი მკურნალობა და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ახალი შემთხვევების აღმოცენება. ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად საქართველოს მთავრობის მოვალეობა ხდება მრავალთაგან ერთ-ერთი, რომ აქტიურად იზრუნოს ახალი შემთხვევების აღმოცენების მინიმუმამდე დაყვანამდე, ანუ იზრუნოს პრევენციაზე. პრევენცია გამოიხატება არა მკაცრ და ზედმეტად ხისტ, მაგრამ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილის, სადაც კი თეორიული რისკი არის C ჰეპატიტის აღმოცენების. ეს არის ყველა სამედიცინო დაწესებულება უკლებლივ, ხაზგასმულად ეს არის სტომატოლოგიური კაბინეტები, ეს არის ტატუ-სალონები, კოსმეტიკური სალონები და ა.შ. სადაც მთავრობის ვალდებულება გახდება, დაიწყოს აქტიური მუშაობა, რომ გაკონტროლდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ინფექციის გავრცელება. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იქნება პროექტის. პროექტის მონაწილე იქნება სამი მხარე - კომპანია გილეადი - პრეპარატის მწარმოებელი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის მართვის ცენტრი და საქართველოს მთავრობა. პრეპარატი უკიდურესად ხელმისაწვდომი იქნება",- თქვა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაიწყება.

კომენტარები