საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

სააკაშვილი: გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

Gia Getsadze/Fb.com

შსს-ს და იუსტიციის მინისტრების ყოფილი მოადგილე გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

"ის, ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.

გია გეწაძე პირველი ყოფილი მაღალჩინოსანი არ არის, ვინც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე.

კომენტარები