მკვლელობა გიუმრიში

სომეხმა ადვოკატმა რუსი სამხედროს დაცვაზე უარი თქვა

http://www.photolure.am/

საზოგადოებრივმა დამცველმა, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს ვალერი პერმიაკოვს დაუნიშნეს, ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ მის დაცვაზე უარი თქვა. ადვოკატ თამარა აილოიანის განცხადებით, მან პერმიაკოვის აღიარების მოსმენას ვერ გაუძლო.

„ჩემი გადაწყვეტილება ემოციურია. როდესაც მან დაიწყო მოყოლა, როგორ კლავდა ხიშტით ორ ბავშვს, ოთახი დავტოვე და პროცესი ვეღარ გავაგრძელე. შესაძლოა, ეს არაპროფესიულია, მაგრამ ასე მოხდა“,  – განაცხადა აილოიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ადვოკატის თქმით, პერმიაკოვი არ ტოვებს ფსიქიურად დაავადებულის შთაბეჭდილებას, შეკითხვებს მოკლედ და მშვიდად პასუხობდა. თუმცა, ვერ გასცა პასუხი კითხვას, რატომ მოკლა ადამიანები.

მკვლელობა ქალაქ გოუმრიში 12 იანვარს მოხდა. ბრალდებული რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. იგი სომეხი სამართალდამცველებისთვის არ გადაუციათ. მისი გადმოცემისა და სომხეთში გასამართლების მოთხოვნით გამართული აქციები გიუმრიში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.  

კომენტარები