არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

არასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალიზებული პროკურორ-მოსამართლეები განიხილავენ

18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება. აღნიშნულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს", - აცხადებენ უწყებაში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსს დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ღონისძიებას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები