არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

არასრულწლოვანს ნასამართლობა სასჯელის მოხდისთანავე მოეხსნება

საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კოდექსის მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც მოზარდების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.

"ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს  არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.

უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული", - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობა კი, არასრულწლოვანს, სასჯელის მოხდისთანავე მოეხსნება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება.

"კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებით მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი", - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - თანადგომით მომზადდა".

კომენტარები