საუდის არაბეთის მეფე

მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა საუდის არაბეთში სამძიმრის წერილები გაგზავნეს

AP

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის მეფის აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს. მათ ტახტის მემკვიდრეს სამძიმრის წერილები გაუგზავნეს.  

„ღრმად დამამწუხრა მისი უდიდებულესობის, მეფის აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ამ დიდი დანაკარგის გამო, ქართველი ხალხის სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, სამეფო ოჯახს და საუდის არაბეთის ხალხს. მისი უდიდებულესობა მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი იყო გამორჩეული ლიდერი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შესანიშნავი მემკვიდრეობა კვლავ გაგრძელდება საუდის არაბეთის ხალხის საკეთილდღეოდ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

„ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ საუდის არაბეთის ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი უდიდებულესობის, როგორც გლობალური ლიდერის, როლი. თქვენო უდიდებულესობავ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ რთულ ჟამს საქართველო იზიარებს საუდის არაბეთის ხალხის მწუხარებას. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი  დიდი პატივისცემა“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში, რომელიც მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გაეგზავნა.     

საუდის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდილაზიზი 90 წლის ასაკში საავადმყოფოში პნევმონიით გარდაიცვალა. მეფე აბდულა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებდა. აბდულა იბნ აბდილაზიზი საუდის არაბეთს 2005 წლიდან მართავდა. ტახტს მისი ძმა სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდი იკავებს.                                             

 

კომენტარები