ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

პრემიერი ენმ-ზე: ჩანაწერების გამოქვეყნება ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა

პრემიერმინისტრი პოლიციის დისკრედიტაციასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას. პრემიერმინისტრი აფრთხილებს "ყველას" - რომ ეს "სახიფათო თამაში" ძვირად დაუჯდებათ. 

"არ შემიძლია არ შევეხო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და, ზოგადად, იმ მართლაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელიც წამოიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა, ე.წ. ოპონენტებმა, ნაციონალურმა მოძრაობამ. მე ვგულისხმობ ჩვენი სამართალდამცავების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

სახეზე არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა. ის ვიდეოებიც, რაც გამოაქვეყნეს მათ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მიუთითებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოახდინონ როგორღაც ჩვენი მართლაც საამაყო პოლიციელების, ღირსეული ოფიცრების, ასევე ჯარისკაცების, ზოგადად ჩვენი საზოგადოების დამცველების, ჩვენი ხალხის ინტერესების და მათი უსაფრთხოების დამცველების დისკრედიტაცია.

ეს ძალიან სახიფათო თამაში, მე მინდა ყველა გავაფრთხილო, მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. პოლიციელზე, ნებისმიერი უსამართლო ნათქვამი სიტყვა იქნება ეს თუ ქმედება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქციელი, მით უმეტეს უსამართლოდ, თუ ამ ადამიანს ან აკრიტიკებ, ან მით უმეტეს ხარ მოწოდებული იმისთვის, რომ მოახდინო მისი დისკრედიტაცია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან სჭირდებათ დაცვა და მაქსიმალურად გვერდში დგომა.

"ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში ებრძვიან კრიმინალს, მიდიან ტყვიაზე ხალხის გამო, ჩვენი ქვეყნის გამო. მაგრამ მე მინდა უფრო ჩავუღრმავდე ამ საკითხს და მე მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული კამპანია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობენ, რომ შური იძიონ, იმ მართლაც ღირსეულ პოლიციელებზე, რომლებიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არ დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების დამცველებად.

მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამ ორი წლის განმავლობაში, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომ ესენი არიან მართლაც ჩვენი ქვეყნის სამსახურში და არცერთი პოლიტიკური პარტიის სამსახურში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო აპოლიტიკური, დეპოლიტიზებული პოლიცია, დეპოლიტიზებული ჯარი. ჩვენ ამას მივაღწიეთ და ჩვენ ამით ვამაყობთ. მე და არცერთი მთავრობის წევრი არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცას მივცეთ საშუალება, მოახდინონ პოლიციის დისკრედიტაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზრზენი ფაქტი. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ პოლიცია გავხადეთ თავისუფალი და ყველა ჩავაყენეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში.

დავაბრუნეთ, მივეცით მას თავისუფლება და დავუბრუნეთ მათ ღირსება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ ექცეოდნენ საკუთარ პოლიციელებს თვითონ ნაციონალური მოძაობის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ რაღაც კლანები შექმნილი, შიგნით სამინისტროში, იქნებოდა ეს ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის და სხვების კლანები. დაქსაქსული იყო მთლიანად და სისტემა იყო პარალიზებული და დემორალიზებული. ეს ხდებოდა და ჩვენ რაც გავაკეთეთ და პირადად მე, როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ ერთ ოჯახად გავაერთიანეთ და ასევე მოხდა სხვა უწყებებშიც, იქნებოდა ეს პროკურატურა, ჯარი თუ სხვა. ასე რომ, მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გაქვთ, მეგობრებო, პასუხისმგებლობა, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები