ქართული ოცნების დაპირებები

პრემიერი ივანიშვილის დაპირებაზე: ორი წლის წინ პროგნოზირება არავის შეეძლო

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორი წლის წინ იმის პროგნოზირება, რომ უკრაინაში იქნებოდა ომი და ეკონომიკური კრიზისი, ასევე, რუსეთში იქნებოდა პრობლემები და კრიზისი, არავის შეეძლო. ასე უპასუხა პრემიერმა ტაბულას კითხვას, "თქვენ განაცხადეთ, რომ ეს წელი ვერ იქნება დალხენილი. ხოლო ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მესამე წელი იქნებოდა ძალიან კარგი და მოსახლეობა ამას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მთავრობამ ვერ შეასრულა დაპირება?". ირაკლი ღარიბაშვილმა ტაბულას კითხვას არასერიოზული უწოდა.

"ახლა როგორ გითხრათ, ასეთ შეკითხვაზე სერიოზული პასუხი როგორ გაგცეთ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია ჩემთვის. იმას გეტყვით, რომ ორი წლის წინ იმის პროგნოზირება, რომ უკრაინაში იქნებოდა ომი, რომ იქნებოდა ეკონომიკური კრიზისი, რომ იქნებოდა რუსეთში პრობლემები და კრიზისი, ამის წინასწარ გაჭვრეტა და წინასწარმეტყველება არავის არ ძალუძს, ალბათ დამეთანხმებით. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა, რომ გვაქვს 4.7-4.8%, რომელიც დაკორექტირდება, ალბათ, 5%-მდე გვექნება ეკონომიკური ზრდა გასულ წელს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, შეგიძლიათ ნებისმიერ ეკონომიკურ ექსპერტს კითხოთ, იმ ვითარებაში, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომლებსაც აქვს წარმატებული ეკონომიკა, მათი ეკონომიკური ზრდა იყო 3%-ზე ნაკლები, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 5% გასულ წელს. წელს ასევე ჩვენ ვგეგმავთ, რომ იყოს მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა არის პატარა ეკონომიკა, ჩვენ მიერთებული ვართ მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს საქართველოშიც. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. საგარეო ფაქტორების განმსაზღვრელი იგივე ლარის კურსის, ეკონომიკური ზრდის და მთელი ეს პროცესები დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ამ კვირიდან მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებისკენაც მოუწოდა. მთავრობამ გასულ წელს დაგეგმილ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწია. მთავრობამ ვერც 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ვერ მიაღწია, როდესაც დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ორჯერ ნაკლები - 3% იყო. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ ბიუჯეტით დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერც წელს მიიღწევა.

კომენტარები