ზურაბ ჟვანია საქმე

მამუკა გვარამია: ჩემს წინააღმდეგ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული

რასაც მე მედავებიან, თვითონ აქვთ ჩადენილი - ეს განცხადება სასამართლოს დაწყებამდე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მამუკა გვარამიამ, გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ყოფილი გამომძიებლის და ყოფილი მთავარი პროკურორის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდეც გვარამიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"მათ უნდოდათ ჩემი დაკავება რამდენიმე დღის წინ. სასამართლომ უარი განუცხადა. ახლა აქვთ მეორე მცდელობა. მე პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ და პოლიტიკური განცხადებები არ მქონია. მე ვხედავ დღეს, რომ ჩემი საქმე, ჩემი სახელი, ჩემი წარსული ხდება პოლიტიკური იარაღი პროკურატურის ხელში. ეს ყველაფერი ფალსიფიცირებულია. რასაც მე მედავებიან, თვითონ აქვთ ჩადენილი," - აღნიშნა მამუკა გვარამიამ.

პროკურატურა მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს, როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა.

კომენტარები