ზურაბ ჟვანია საქმე

კახიძე: ვინც ჟვანიას დისკრედიტაციას ეწეოდა, დღეს მის გულშემატკივრად მოგვევლინა

ოთარ კახიძე
facebook

ტელეკომპანია იმედის ეთერში იურისტმა ოთარ კახიძემ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) იმ ეჭვების გადასამოწმებლად მიმართა, რომლებიც ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა. კახიძის განმარტებით, FBI-ს დასკვნის მიხედვით გარდაცვალება ოთახში ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია. 

"ეჭვების გადასამოწმებლად მაშინდელმა ხელისუფლემამ მიიღო ზომა - მოიწვია გამოძიების ფედერალური ბიუროს, ყველაზე კომპეტენტური საგამოძიებო უწყების ექსპერტები და სწორედ მათ შეისწავლეს აღნიშნული ვითარება და დაადგინეს, რომ აღნიშნულ ოთახში ჟანგბადის ნაკლებობა იყო დასაშვებ ზღვარზე ქვემოთ, ასევე მომატებული იყო ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა, არ ხდებოდა ოთახის ვენტილაცია" - განმარტა კახიძემ.

მისივე თქმით, FBI-ს დასკვნის მეორე ნაწილი გარემოებებს ეხება და სწორედ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხია, მიიტანეს, თუ არა გვამები აღნიშნულ ბინაში.

"ობიექტური დამკვირვებლის აზრით, ვისაც გამოძიების ფედერალური ბიუროს კომპეტენციაში და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეაქვს, ყველასთვის ცხადია, რომ გარდაიცვალნენ სწორედ მოწამვლის შედეგად და ჟანგბადის უკმარისობის შედეგად. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომლებიც თავად გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდანაც, რომ თავად ჟვანია არ ააშკარავებდა გარკვეულ დეტალებს მისი პირადი ცხოვრებიდან, ამ ყველაფრისთვის იყო რაღაც ნაბიჯები გადადგმული, ჩემი აზრით მცდარი, მაგრამ დაცვის წევრები გამომძიებლები არ იყვნენ, ისინი შემთხვევის ადგილს არ ათვალირებდნენ და ასევე მტკიცებულებებიც არ გაუნადგურებიათ" - აღნიშნა კახიძემ. 

ოთარ კახიძის თქმით, დღეს ზურაბ ჟვანიას სოწრედ ის პირები გულშემატკივრობენ, რომლებიც მანამდე გამუდმებით ჟვანიას პიროვნების დისკრედიტაციას ეწეოდნენ.

"ზურაბ ჟვანიას ოპონენტები, ქართული პრესის წარმომადგენლები, რომლებიც დღენიადაგ დაკავებულები იყვნენ ზურაბ ჟვანიას პიროვნების დისკრედიტაციით, მისი ლანძღვით, სხვადასხვა ეპითეტებით მოხსენიებით, რომლებიც უკავშირდებოდა მის ორიენტაციას თუ ეთნიკურ წარმომავლობას, დღეს მოგვევლინნენ, როგორც ზურაბ ჟვანიას გულშემატკივრები" - განაცხადა ოთო კახიძემ. 

კომენტარები