საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

სააკაშვილი: უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურში ჩემს დანიშვნაზე კონსულტაციებია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსული ტელეკომპანია დოჟდისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლებასთან ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ. მან ასევე უკრაინაში განსახორციელებელ რეფორმებსა და მათზე მომუშავე ქართულ გუნდზე ისაუბრა.

"ამ მომენტისათვის არ მაქვს საბოლოო პასუხი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მინისტრი ან თანამდებობის პირი უკრაინაში რეფორმებით არის დაკავებული რამდენიმე თვის განმავლობაში. პოლიციის რეფორმას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც საქმეს ენერგიულად შეუდგა და უკრაინაში საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა. იუსტიციის რეფორმით ჩვენი სპეციალისტების ჯგუფია დაკავებული. ისინი ელექტრონული ტენდერების სისტემაზე მუშაობენ, რომ აუქციონები გამჭვირვალედ ტარდებოდეს. დავეხმარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის შექმნაში. საქართველოდან უკრანაში სადღაც 100 ადამიანი მუშაობს, ბევრი მათგანი მაღალ თანამდებობაზე. საუბარი იყო ჩემ შესახებაც, რომ რადგან ასეა, მოდით, ბარემ სააკაშვილიც მოვიყვანოთ. ვაწარმოებთ კონსულტაციებს, ალბათ კიდევ 2-3 დღის განმავლობაში გავაგრძელებთ. ანტიკორუფციული სამსახური კონკრეტული რამეა, კორუფციას მთელი მთავრობა და საზოგადოება უნდა ებრძოლოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები