თბილისის განვითარების ფონდის საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილის, დიმიტრი ჩხეიძის მეუღლე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს. ნატალია ტლაშაძე ამბობს, რომ უწყება მისი კუთვნილი კომპანია უნი სტილის ფინანსურ საქმიანობას იმიტომ სწავლობს, რომ მისმა მეუღლემ გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია გიგი უგულავას მიმართ მტკიცებულებების არაკანონიერი გზით მოპოვების შესახებ საუბრობს და ნატალია ტლაშაძეზე ზეწოლის ფაქტს ადასტურებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნატალია ტლაშაძის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ კომპანია უნი სტილის ფინანსური საქმიანობის სწავლას გიგი უგულავას საქმესთან შეხება არ აქვს.

დიმიტრი ჩხეიძეს ბრალი უგულავასა და მერიის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე აქვს წარდგენილი. გამოძიება მათ თბილისის განვითარების ფონდიდან სახელმწიფოს კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

კომენტარები