მარიხუანის მოხმარება

შსს-მ მარიხუანის მოხმარებისთვის სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, კერძოდ, მარიხუანის მოხმარების გამო, სამსახურიდან დაითხოვა. ამასთან, სამივე მათგანი სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს N7 სექტორის სპეციალისტი (მესაზღვრე) შ.ლ, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი - გ.დ. და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი რ.ო. დააკავეს. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. აღნიშნულის საფუძველზე, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შსს-მ მარიხუანის მოხმარების გამო, სამსახურიდან 15 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის, ექვსი მეხანძრე.

კომენტარები