მუსლიმები საქართველოში

შეიხი ვაგიფი: მოდულის შენობაში დამიბარეს და განცხადების დაწერა მომთხოვეს

ვაგიფ აკპეროვი
ტაბულა

მოდულში დამიბარეს და მითხრეს განცხადება დაწერეო - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა შეიხმა ვაგიფ აკპეროვმა ტაბულას ეთერში, გადაცემაში საუბარი რელიგიაზე სტუმრობისას განაცხადა.

აკპეროვის თქმით შს სამინისტროს მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

"მე დამპატიჟეს, დამიბარეს მოდულში და მითხრეს დაწერე განცხადება და წადიო. მე უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემს მანდ ყოფნას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ მე ერთი წლის განმავლობაში რეპრესიებში ვიყავი. ერთი წლის განმავლობაში იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც არაერთხელ მითხრეს და მეუბნებოდნენ, რომ მალე შეიხი აღარ ვიქნებოდი. დანიშნეს ისეთი კაცი ქართული ენა კი არა, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს საქართველოზე" - განაცხადა აკპეროვმა.

შეიხი ვაგიფის თქმით, მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები თვითნებურად არ ხდებოდა. მისი თქმით 2012-13 წლებში მიტინგები მარნეულსა და გარდაბანში სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხდა.

ვაგიფ აკპეროვი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თანამდებობას 2014 წლის დასაწყისამდე იკავებდა, ის რამინ იგიდოვმა შეცვალა. შეიხის გადადგომამ მაშინ კონტრავერსიული მოსაზრებები წარმოშვა. შეიხს საჯაროდ გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია. წლებია რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუსლიმთა ავტონომიაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევაზე საუბრობენ.

კომენტარები