ლარის გაუფასურება

გოცირიძე: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვა მათი გაფლანგვა იქნებოდა

თეორემა/ტაბულა

ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შემდგომი ხარჯვა მათი გაფლანგვა იქნებოდა. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ტაბულას გადაცემა თეორემაში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც პასუხისმგებლობა ლარის დევალვაციაზე ეროვნულ ბანკს დააკისრა, რადგან მან კურსის შესანარჩუნებლად დიდ რაოდენობით სავალუტო რეზერვები არ დახარჯა, როგორც ეს მეზობელ ქვეყნებში მოხდა.

„აზერბაიჯანის, სომხეთის და მოლდოვას ეროვნული ბანკების ქმედებები იყო მცდარი და მათ მაინც მოუწიათ ეროვნული ვალუტების დევალვაცია საკმაოდ დიდი მასშტაბით. ამასთან, ფაქტობრივად დარჩნენ რეზერვების გარეშე და დევალვაციაც თავიდან ვერ აიცილეს. ამ ქვეყნების მაგალითი ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ დაუშვა ეს შეცდომა და არ დაიწყო ნაადრევი ინტერვენციები. ინტერვენციებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამას ფუნდამენტური ფაქტორიც უწყობს ხელს. თუ ვალუტა არ არის წონასწორობის ნიშნულთან ახლოს, მაშინ ყოველი ჩარევა იწვევს რეზერვების გაფლანგვას", - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, რუსეთმა რუბლის კურსის შესანარჩუნებლად ოქტომბრის თვეში 30 მილიარდი დოლარი დახარჯა, თუმცა ვალუტის კურსის „გაშვება" მაინც მოუხდა და რუბლი ორჯერ გაუფასურდა, „ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა სწორედ ამ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი".

რომან გოცირიძის აზრით, ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მთავრობის ზეწოლით 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის იანვრამდე სავალუტო რეზერვებიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო თანხა - 470 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ პერიოდში დოლარის კურსი 1.65-დან დაეცა 1.75-მდე ავიდა. თუმცა ლარის უფრო მასთაბური დევალვაციის შეჩერება ვერ მოხერხდა - ის მხოლოდ ერთი წლით, 2014 წლის ნოემბერამდე გადავადდა.

რომან გოცირიძის აზრით, დევალვაციის მიზეზი მთავრობის შეცდომებია - „ბიუჯეტის არარითმული შესრულება", ასევე დაგეგმილი გრანტების დაგვიანება უცხოელი დონორებისგან, რაც საქართველოში შესაბამისი სამუშაოების დროულად შეუსრულებლობამ განაპირობა, ასევე დეკემბრის თვეში 520 მილიონი ლარის ბრუნვაში გაშვება. ამას, მისი თქმით, დაემატა საგარეო ფაქტორები და ქვეყანაში ეკონიმიკური პოლიტიკის ცვლილება, რამაც საბოლოოდ ფინანსურ შოკი გამოიწვია.

კომენტარები