შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: თუ დადგინდა, ვინ მოხატა თარგამაძის სახლის სადარბაზო, დაჯარიმდება

Givi Targamadze/Fb.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განმარტებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოზე გაკეთებული წარწერების ავტორები დაჯარიმდებიან. როგორც გიორგობიანმა ტაბულას უთხრა, საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და სამართალდამცველები სამართალდამრღვევი პირების გამოსავლენად მუშაობენ. თარგამაძის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო გუშინ ღამე მოხატეს. თავად თარგამაძის თქმით, ეს თავისუფალი თაობის წევრებმა გააკეთეს. დეპუტატი Facebook-ზე ფოტოსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მის სახლთან მისული პირები თარგამაძეს შეურაცხყოფას აყენებენ.

"12 მარტს ქალაქ თბილისში, მოსეშვილის N12-ში, საცხოვრებელი კორპუსის კედლებზე და ასფალტზე გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დაიწყო საქმის ადმინისტრაციული წარმოება. სამართალდამცველები მუშაობენ სამართალდამრღვევი პირების დასადგენად და გამოსავლენად. დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული პირი (ან პირები) დაჯარიმდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც შენობათა ფასადებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას გულისხმობს", - აცხადებს შსს.

კომენტარები