21 მარტის აქცია

თავისუფალმა თაობამ გიგა ბოკერიას სახლთან აქცია გამართა

ტაბულა

თავისუფალი თაობის აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია ტაბულას გენერალური დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის საცხოვრებელ საახლთან გააპროტესტეს. თავისუფალი თაობის წევრებმა კორპუსის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაწერეს. ნაციონალური მოძრაობა 21 მარტს 16:00 საათზე ვარდების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.

თავისუფალი თაობის აქტივისტებმა ანალოგიური აქცია 2 დღის წინ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის სახლთანაც გამართეს და შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი საცხოვრებელი კორპუსის კედლებზეც დაწერეს. ამ ქმედებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, გივი თარგამაძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოზე გაკეთებული წარწერების ავტორები დაჯარიმდებიან. როგორც გიორგობიანმა ტაბულას უთხრა, საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და სამართალდამცველები სამართალდამრღვევი პირების გამოსავლენად მუშაობენ.

ორი კვირის წინ პოლიციამ ქუჩებში წარწერების „21 მარტი, ბიძინა წადი” გაკეთებისთვის თავისუფალი ზონის 4 წევრი დააკავა.

ორგანიზაციის 5 წევრი კი გასული წლის 28 აგვისტოს გალაკტიონის ხიდის მოაჯირის შეღებვისთვის დააკავეს. მაშინ  უწყებაში თქვეს, რომ ხიდის მოაჯირის შეღებვა ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. თავისუფალი ზონის წევრები ხიდის მოაჯირს უკრაინის დროშის ფერებში ღებავდნენ.

კომენტარები