ლარის გაუფასურება

ეროვნულმა ბანკმა დღეს $40 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარის კურსი მაინც გაუფასურდა

REUTERS

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, თუმცა ამან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის რყევას ვერ უშველა და ლარი დოლართან მიმართებით დღეს 2 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 3.88 თეთრით გაუფასურდა. სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკი ყიდის დოლარს, რითიც ბაზარზე რეზერვებში არსებულ უცხოურ ვალუტას მიმოქცევაში უშვებს და უცხოური ვალუტის დეფიციტს ხელოვნური ჩარევით აბალანსებს. ეს 2015 წლის მარტში სავალუტო რეზერვების გაყიდვის პირველი შემთხვევაა. 

ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გაყიდვის დროს მათ ეროვნულ ვალუტაზე ყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეროვნულ ვალუტას ყიდულობს და ის მიმოქცევიდან ამოაქვს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქაგადიძის შეფასებით, საქართველოში არსებული სავალუტო შოკი მხოლოდ სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვერ მოგვარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება მხოლოდ რეზერვების ხარჯვით შეუძლებელია. ამავე პოზიციას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის IMF-ის მისიაც, რომელიც ეროვნულ ბანკს რეკომენდაციას აძლევს არ დახარჯონ სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც სავალუტო რეზერვების უშედეგოდ დახარჯვის გარდა, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. 

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები