რუსეთი-საქართველო

პაპუაშვილი: რუსეთი მარადიული მეზობელია, დასავლეთისგან წყალი, პამპერსი მივიღეთ

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რუსეთის ფაქტორი - ის ჩვენი მარადიული მეზობელია, რომელსაც ვერ ამოვჭრით და სხვაგან ვერ გადავიტანთ, ამიტომაც ისე მოქცევა გვმართებს, როგორც ჩვენი წინაპრები იქცეოდნენ და ქვეყანას იცავდნენ! რას აკეთებდნენ ჩვენი მეფეები? - ქვეყანა აწიოკებისგან რომ გადაერჩინათ, ხშირად ხარკსაც იხდიდნენ, შვილებს მძევლად ატანდნენ მტერს, თავიანთ დებსა თუ ქალიშვილებს მტერზე ათხოვებდნენ, ოღონდ საქართველო გადაერჩინათ. მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა ორი ზესახელმწიფოს ჯახის დროს შუაში გაიჭყლიტოს და გაქრეს! არ შეიძლება, გიჟებივით ვიძახოთ - პროევროპელები ვართ, პროამერიკელები ვართ, პრორუსები ვართ,  პრო... პრო... პრო... ამდენი „პროს" ძახილში საქართველოზე აღარ ვლაპარაკობთ! პატრიოტიზმზე კი აღარ ვლაპარაკობთ! მიკროფონთან დგომით და რუსეთის ხმამაღალი გინებით რა მივიღეთ, ვინმემ გამაგებინოს! დღე-ნახევარში წაგებული ომი მივიღეთ! ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეული მთავარსარდალი მივიღეთ! რატომ ელაპარაკებიან რუსეთს სხვა ქვეყნების ლიდერები და რატომ არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ?! ჩვენს მეფეებს დამპყრობლებთან არ ჰქონდათ საუბარი და დიალოგი?! გამაგებინეთ, თუნდაც 2008 წლის ომის დროს რა ხარისხის დახმარება მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან? - მხოლოდ შეშფოთება, აღშფოთება, წყალი და პამპერსი?! დიახ, ჩვენ ჩვენი ფასეულობებით ევროპული ოჯახის წევრი ვართ და არავისთან სამათხოვრო არა გვაქვს ამ ოჯახის წევრობა! დიახ, მსოფლიო ცივილიზაცია საქართველოს გვერდს ვერ აუვლის! გვერდს ვერ აუვლის ქართულ დამწერლობას, ქართულ პოლიფონიას, ქართულ ხუროთმოძღვრებას!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.

კომენტარები