მთავრობის გადაყენების მოთხოვნა

თარხნიშვილი: დროებით მთავრობაში ნაციონალური მოძრაობა არ შევა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, საჭიროა, ხელისუფლების სათავეში დროებითი მთავრობა მოვიდეს. თარხნიშვილი ამბობს, რომ "მთავრობას არ აქვს მართვის უნარი, არ აქვთ სურვილი რომ რაიმე შეცვალონ და არ აქვთ ამის შესაძლებლობა".

თარხნიშვილის თქმით, ის არ საუბრობს მთავრობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოსვლაზე. მისი განცხადებით, ენმ მთავრობაში მოსვლას მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს.

"დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც არანაირი იურიდიული და ინსტიტუციონალური საფუძველი ამისა არ გააჩნია, ვლაპარაკობ ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენ მივიღებთ ინსტიტუციონალურ კრიზისსაც. შესაბამისად, ფაქტია, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და უნდა მოვიმოქმედოთ სწრაფად. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს ახალი, დროებითი მთავრობა. როდესაც ვლაპარკობთ დროებით მთავრობაზე, არ არის საუბარი, რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში. არა, ეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით წარმოგვიდგენია, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა მისცემს მას მანდატს ცალკე ან ვინმესთან ერთად კოალიციაში მოვიდეს ხელისუფლებაში. დღეს ეს მანდატი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, მოვიყვანოთ ხელისუფლებაში და მთავრობაში ის ხალხი, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან'', - განაცხადა თარხნიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. 

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ შესთავაზებს ნაციონალური მოძრაობა დროებითი მთავრობის შექმნას ირაკლი ალასანიას, თარხნიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა.

"ირაკლი ალასანიას განცხადება ვიცი და რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება სრულად არ შეესაბამება იმ განცხადებებს, რომლებსაც ისინი რამდენიმე ხნის წინ ლაპარაკობდნენ, როდესაც საუბრობდნენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ყოველი შემთხვევისთვის, იმ ნაწილში მაინც ჩვენ ერთიანები ვართ, რომ მთავრობა არ ვარგა და უნდა წავიდეს. შესაბამისად, უკვე არსებობს მოედანი, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკებები. ჩვენ ვაპირებთ ამ მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში, როგორც ალასანიასთან, ისე სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც იზიარებს იმას, რომ ქვეყანაში ასე ცხოვრება აღარ შეიძლება'',- განაცხადა თარხნიშვილმა.

კომენტარები