ავიაკატასტროფა საფრანგეთში

ავიაკატასტროფა საფრანგეთში - ლაინერის შავ ყუთს პარიზში იკვლევენ

შემთხვევის ადგილი ალპებში
AFP

სამძებრო სამუშაოები საფრანგეთში გერმანული ავიალაინერის კატასტროფის ადგილას გათენებისთანავე განახლდა. ნაპოვნია Airbus 320-ის შავი ყუთი, რომელიც გამოკვლევისთვის უკვე პარიზში გადაიტანეს. ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. მსხვერპლთა შორის 45 ესპანეთის და 67 გერმანის მოქალაქეა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ალპების მთებში 2000 მეტრის სიმაღლეზეა მიმოფანტული.

ზემო პროვანსის სამაშველო ბრიგადის მთავარიო ექიმის ფრედერიკ პეტეტიანის თქმით, "როდესაც ადგილზე მივედით, ჩვენი პრიორიტეტი ცოცხლების მოძებნა იყო. მაგრამ მალევე ცხადი გახდა, რომ არავინ გადარჩენილა. ყველაზე დიდ ნამსხვრევი დაახლოებით მანქანის სამი კარის ხელაა. სამძებრო სამუშაოები ძალიან რთული იქნება, ცხედრების იდენტიფიკაციაც ძნელი იქნება. ისინი დაახლოებით 4 ჰექტარის ფართობზე, ციცაბო ფერდობზე არის მიმოფანტული".

ადგილზე საფრანგეთის მთავრობის წევრები, ასევე გერმანიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. ალპების დეპარტამენტში საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერსაც ელოდებიან.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარდ კაზნეოვის განცხადებით კი, სახელმწიფო დაღუპულთა ოჯახებს საცხოვრებელს გამოუყოფს და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს.

გერმანიის ქალაქ ჰალტერნში სკოლის 16 მოსწავლეს და ორ მასწავლებელს გლოვობენ, რომლებიც ბარსელონა-დიუსელდორფის საბედისწერო რეისით სახლში ბრუნდებოდნენ.

გერმანული მედიის ცნობით, კატასტროფამ ქვეყანაში ავიამიმოსვლა შეაფერხა. Germanwings-ის და Lufthansa-ს ზოგიერთი პილოტი Airbus 320-ით რეისების შესრულებაზე უარს აცხადებს. Lufthansa ზოგიერთი რეისის გადადებას ადასტურებს.

კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებაში სამი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები და ექსპერტები ჩაერთვნენ. ცნობილია, რომ თვითმფრინავი კატასტროფის წინ დაშვებას ცდილობდა. კომპანიის მტკიცებით, 1990 წელს გამოშვებულმა ლაინერმა ტექნიკური შემოწმება წინა დღეს გაიარა. სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს ბარაკ ობამამ და მსოფლიოს სხვა ლიდერებმა გამოუცხადეს.

კომენტარები