ავიაკატასტროფა საფრანგეთში

ავიაკატასტროფა საფრანგეთში - ლაინერის შავი ყუთი დაზიანებულია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნიოვის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთი დაზიანებულია. სპეციალისტები მონაცემების აღდგენას ცდილობენ. მეორე შავი ყუთი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. კაზნიოვის განცხადებით, გამოძიება მთავარ ვერსიად ტერაქტს არ განიხილავს.

"შავი ყუთი გუშინ აღმოვაჩინეთ. ის დაზიანებულია. ვმუშაობთ მონაცემების აღდგენაზე. ჩვენი აზრით, ეს შესაძლებელია, თუმცა დამატებით მუშაობა იქნება საჭირო. დღესდღეობით ამ დრამის გარემოებების შესახებ რაიმე ვერსიაზე საუბარი რთულია", - თქვა მინისტრმა.

სამძებრო სამუშაოები საფრანგეთში გერმანული ავიალაინერის კატასტროფის ადგილას გათენებისთანავე განახლდა. Airbus 320-ს ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. მსხვერპლთა შორის 45 ესპანეთის, 67 გერმანიის და 2 ამერიკის მოქალაქეა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ალპების მთებში 2000 მეტრის სიმაღლეზეა მიმოფანტული.

კომენტარები