თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრები დამოუკიდებელ ფრაქციას შექმნიან

თბილისის საკრებულო

საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრები საქმიანობას დამოუკიდებელი ფრაქციის სახით გააგრძელებენ. ამის შესახებ საუბარია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფრაქციის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და მათ შორის თანხვედრა არ იყო.

"გზა, რომელიც თავისუფალმა დემოკრატებმა ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ერთად, მივაღწიეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენს შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა ავღნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია. ვთვლით, რომ საკრებულოში ჩვენი ფრაქციის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება, იყო გააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობა განვაგრძოთ როგორც დამოუკიდებელმა ფრაქციამ. ვიყოთ თავისუფალნი პარტიული ვალდებულებებისაგან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ფრაქციის ყოფილი წევრები აღნიშნავენ, რომ პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს 31 მარტს და სწორედ ამის პასუხი იყო თავისუფალი დემოკრატების გუშინდელი განცხადება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვით ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში საქმიანობას წყვეტს. ამასთან, ფრაქციის წევრები პარტიიდანაც გარიცხეს.

კომენტარები