ევროპა ლიგა 2014-15

ევროპა ლიგაზე ნაპოლიმ, ფავორიტი, ვოლფსბურგი გაანადგურა

uefa.com

ბუკმეკერებისა და სპეციალისტების მიერ ევროპა ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტად მონათლული ვოლფსბურგი, საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა იტალიურ ნაპოლისთან. შეიძლება ითქვას, რომ შინ - 1:4 ის ანგარიშია, რომელიც ნახევარფინალისკენ გზას ფაქტობრივად გაუკვალავს ტოვებს.

იტალიელები იგუაინისა და ჰამშიკის გოლით, პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ, ვოლფსბურგის ფეხბურთელებმა კი, მიუხედავად მცდელობისა, ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ შეძლეს და მეორე ნახევარში, საკუთარ კარში კიდევ ორი ბურთი მიიღეს. საბოლოოდ, მატჩის მიწურულს ნიკლას ბენდტნერის გოლი მხოლოდ პრესტიჟის აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლში უკვე ტურნირის ნახევარფინალში გასვლას ზეიმობენ.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ჯაბა კანკავას დნიპრომ სტუმრად, ბრიუგესთან ფრედ - 0:0 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მკვეთრად გაიზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა სევილიასა და ზენიტის შეხვედრა და საბოლოოდ, ესპანელთა მინიმალური უპირატესობით დამთავრდა - 2:1.

გამარჯვებამდე რამდენიმე წამი დააკლდა კიევის დინამოს. უკრაინელები ფიორენტინას მასპინძლობდნენ და ლენსის გოლის წყალობით პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ. იტალიელებმა გამათანაბრებელი გოლის გატანა მხოლოდ მეორე დამატებით წუთზე შეძლეს და, შესაბამისად, წყვილში ფავორიტის სტატუსს კვლავაც ისინი ინარჩუნებენ.

კომენტარები