საქართველოს პოლიცია

"თანადგომა პოლიციას" - ენმ-ის აქცია თბილისში, გორსა და თელავში

Reuters

"თანადგომა პოლიციას" - ამ ლოზუნგით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში, გორსა და თელავში აქციები გამართა. ისინი პოლიციის შენობებთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანაში ნამდვილ პოლიციელებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

სამართალდამცველთა მხარდაჭერის მოთხოვნით ნიკა მელია და ენმ-ის სხვა წევრები ე.წ მოდულის შენობასთან იმყოფებოდნენ. ამასთან, ნიკა მელიამ სპეცრაზმის ყოფილი უფროსის კახა ნაკანის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვა და მის დაკავებას უკანონო უწოდა. მელიას თქმით, საკითხით პარლამენტის თავმჯდომარე უნდა დაინტერესდეს.

"როცა ხელისუფლება პოლიტიკური დევნითაა დაკავებული, კრიმინალთან ბრძოლა მიივიწყა და მეტიც, კავშირშია ხშირად მასთან და კიდევ უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ხშირად მფარველობს კიდეც მას, ასეთ დროს, ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ პოლიციელებს, რიგით პოლიციელებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან" - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ "აუცილებელია ყოფილი პოლიციელის, სპეცრაზმელის კახა ნაკანის გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქ, სადაც კანონით არის გათვალისწინებული".

ცნობისთვის, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ ნაკანმა 15 აპრილს გლდანის ციხეში ვენები გადაიჭრა. ადვოკატის თქმით, ნაკანმა თვითდაზიანება იმის გამო მიიყენა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ ე.წ მატროსოვის ციხეში გადაყვანაზე უარი უთხრა. სამინისტროს განმარტებით კი, არც ადვოკატს და არც ბრალდებულს სხვა ციხეში გადაყვანა არ მოუთხოვიათ, თუმცა, "ადვოკატს კახაბერ ნაკანის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნითაც რომ მოემართა, ჩვენი მიდგომა იქნებოდა ცალსახა და კანონით განსაზღვრული". კერძოდ, უწყების განმარტებით, "ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადანაწილება ხდება მხოლო და მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და არა ბრალდებულების, მსჯავრდებულებისა და მათი ადვოკატების მითითებებისა და მოსაზრებების საფუძველზე".

კომენტარები