ნარკოტიკები

ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის პასუხისმგებლობა გაიმიჯნება

www.radiotavisupleba.ge

ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაიმიჯნება. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს წარუდგინა. მისივე ინფორმაციით, პროექტის განხილვა ამ კვირაში დაიწყება. 

"ეს ცვლილება ეხება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნას. შესაბამისად, სანქციებიც სხვადასხვა იქნება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ლიბერალთან საუბრისას ალექსანდრე ბარამიძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალების, ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ერთგვაროვანი პასუხისმგებლობით - თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტით კი, დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება, ხოლო გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე.

კომენტარები