საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი

აბაშიშვილი: ამ ინიციატივის შედეგები ბიზნესთან ერთად თითოეულ მოქალაქეს შეეხება

ტაბულა/თეორემა

მსგავსი ფორმის, მსგავსად მოუმზადებელი ინიციატივის შედეგები არამხოლოდ ბიზნესსა და საბანკო სექტორს, არამედ თითოეულ მოქალაქეს შეეხება - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივა ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის თაობაზე. ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

აბაშიშვილი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც შესაბამისი სფეროს ექსპერტები ჩართულები არ იყვნენ. მისი თქმით, მსგავსი ტიპის კანონპროექტების შემუშავებისას ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 

"განმარტებით ბარათში ძალიან ნათლად წერია, თვითონვე კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, არც შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობა კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ ყოფილა. ჩვენი მთავარი პრინციპი ყოველთვის არის ის, რომ საჭიროა ბიზნესთან კომუნიკაცია, ოღონდ არა ისე, რომ დაშავდება და მოდი, გამოვასწოროთ, და ამასობაში ქვეყნის იმიჯია დაზიანებული, არამედ ის, რომ არ დავაშავოთ, ამიტომ, რომ არ დავაშავოთ, საჭიროა შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან და ბიზნესთან კომუნიკაცია, როდესაც საკითხი ბიზნესს შეეხება.

ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რანგის კანონპროექტები რომლებიც ბიზნესზე ახდენს გავლენას, წინასწარ უნდა იყოს გავლილი ბიზნესთან. მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ბიზნესზე და საბანკო სექტორზე ახდენს გავლენას, რეალურად კი ეს თითოეულ მოქალაქეზე ახდენს გავლენას. როდესაც მსგავსი ფორმის, მსგავსად მოუმზადებელი ინიციატივა არის გაჟღერებული, ამ ინიციატივის შედეგები თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ბიზნესი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირველ დარტყმას მიიღებს შემდგომი შედეგები თითოეულ მოქალაქეზე აისახება სხვადასხვა ფორმით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, რომ შემოთავაზებული მოდელი ნიშნავს იმას, რომ საბანკო ზედამხედველობა დამოუკიდებელი ვერ იქნება. მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში პოლიტიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ მოდელში, რომლითაც დღეს ხელმძღვანელობენ. 

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახები და არა პროფესიული ტიპის გადაწყვეტილება, ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ, ყველამ ერთად. რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკა ეკონომიკისგან, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ეკონომიკას განვითარებისთვის. ასე რომ, პროფესიული დისკუსია უნდა ყოფილიყო ამაზე წარდგენამდე და არა პოლიტიკური მოტივები. ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისი საბანკო საბანკო ზედამხედველობით. ერთი წუთით დავუშვათ, რომ საბანკო ზედამხედველობა გარეთ გავიტანეთ, საბანკო ზედამხედველობაც ხომ უნდა იყოს დამოუკიდებელი ამ შემთხვევაში. აი ამ მოდელში, რა მოდელიც შემოთავაზებულია, როგორ უნდა იყოს საბანკო ზედამხედველობა დამოუკიდებელი?

კომერციული ბანკების შეშფოთება ლოგიკურია, ასევე ლოგიკურია კონკრეტული მეანაბრეების შეშფოთებაც, ლოგიკური იქნება კონკრეტული მსესხებლების შეშფოთებაც, რადგან თითოეულ მათგანზე შეიძლება აისახოს ეს პროცესი. რადგან ამ მოდელში საუბარია, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა უნდა წარადგინონ თურმე საბჭოს წევრები, საპარლამენტო ექვსკაციანმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს საბჭოს წევრები. უკაცრავად, მაგრამ აქ ხო პოლიტიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ მოდელში, რომელსაც გვთავაზობს დღევანდელი ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, როდესაც საქართველოს პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს დასამტკიცებლად ეროვნული საბჭოს წევრების კანდიდატებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყოს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა და ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ. 

კომენტარები