საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი

კალანდაძე: ამ კანონპროექტზე ხელისუფლებამ საბანკო სექტორთან ერთად უნდა იმუშავოს

ტაბულა/თეორემა

რეფორმის შედეგი უნდა იყოს ორი დამოუკიდებელი სტრუქტურის მიღება : ეროვნული ბანკი მონეტარული ინსტრუმენტებით და ფინანსური ზედამხედველობის დამოუკიდებელი სტრუქტურა - ამის შესახებ ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა. 

ლევან კალანდაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია დასავლური წარმატებული გამოცდილების გათვალისწინება და ქვეყანაში ამ მოდელის ასევე წარმატებულად დანერგვა. მისი თქმით, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის კანონპროექტზე მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად საჭიროა ბანკების, საბანკო ასოციაციების, ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნეს ომბუდსმენის ჩართულობაც.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი, შედეგი გამოხატული იმაში, რა მოდელი ჩამოყალიბდება. მოდელი უნდა ითვალისწინებდეს დასავლური წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებას და ასევე წარმატებულად გადმოტანას ქვეყანაში. რეფორმის შედეგი უნდა იყოს ორი დამოუკიდებელი სტრუქტურის მიღება - ეროვნული ბანკი მონეტარული ინსტრუმენტებით და ფინანსური ზედამხედველობის დამოუკიდებელი სტრუქტურა, მაღალი დამოუკიდებლობის, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთად, კოორდინირებულად თუ ცალ-ცალკე შექმნიან ფინანსური მდგრადობის საფუძველს. ამ კანონპროექტზე არის სამუშაო, ამ კანონპროექტზე უნდა იმუშავოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად და რაც მთავარია, მაღალი საჭიროა ჩართულობა ბანკების, საბანკო ასოციაციების, ბიზნეს ასოციაციების და ბიზნეს ომბუდსმენის" , - განაცხადა კალანდაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეკითხვას, მოსწონს თუ არა მას ეს კანონპროექტი, ლევან კალანდაძემ პირდაპირ არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყოს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა და ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ. 

კომენტარები