მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

პრემიერი: მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე მკვეთრად უარყოფითი აზრი მაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ მსჯელობა - ეს არის მარიხუანის დეკრიმინალიზაცია. ამაზე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და გუნდშიც მე ვიცი, რომ არ არის საერთო აზრი ამ საკითხზე. ეს იქნება ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა. ამიტომ შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება. ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ახალგაზრდებს ბედნიერი მომავალი. უნდა ვიფიქროთ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე, რასაც შემდგომ შესაძლოა, მოჰყვეს მისი ლეგალიზაციის მოთხოვნა და საბოლოოდ მივიღებთ მომავალი თაობებისთვის სავალალო შედეგებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოსწიონ ქუჩებში მარიხუანა. ვისაც სურს, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს მოუწოდონ თავიანთ შვილებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მარიხუანის პირველ მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა პირისთვის 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

კომენტარები