სტიქია თბილისში

დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდა

სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე - თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, ყიფშიძის ქუჩაზე - გარემოს დაცვის სამინისტრო, წყნეთის ქუჩაზე - თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, მზიურის ტერიტორიაზე - შინაგანი ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები, ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.

რაც შეეხება ახალდაბასთან დამაკავშირებელ გზას, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გზა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაიხსნება. გზის გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, სოფელში, დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სახლების დასუფთავების მიზნით, 100 სამხედრო მოსამსახურე იმუშავებს.

ბაგებში სამუშაოებს აწარმოებს თბილისის მერია, კერძო კომპანიასთან ერთად, ასევე, კერძო კომპანიის მიერ, დედაქალაქის მთავრობის კოორდინაციით, განხორციელდება სამუშაოები ვაკე-საბურთალოს გზაზე.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები