სტიქია თბილისში

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის გამართვის თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

David Usupashvili Official

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. დღის წესრიგზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ისინი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება. 

"კანონი ითვალისწინებს, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, საკომიტეტო მოსმენას ამ საკითხზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მზად არის იმისთვის, რომ საკითხი განიხილოს, თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და აგრეთვე, მე თქვენი თანხმობით უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ დღეს 18:00 საათზე მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ ერთი საკითხით. სხდომა ჩატარდება ქუთაისში. აქაც მინდა განვმარტო, კონსტიტუცია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომის გამართავს სხვა ადგილზე, გარდა პარლამენტის კონსტიტუციური ადგილსამყოფელისა, მაგრამ ჩვენ სამართლებრივად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ ვიმყოფებით. საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე - თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, ყიფშიძის ქუჩაზე - გარემოს დაცვის სამინისტრო, წყნეთის ქუჩაზე - თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, მზიურის ტერიტორიაზე - შინაგანი ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები, ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.

 

კომენტარები