სტიქია თბილისში

პრეზიდენტმა დღეს, 18:00-ზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა 18:00-ზე დაიწყება. გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება. 

"დღის წესრიგია, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2015 წლის 14 ივნისის N2 ბრძანების, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 15 ივნისის N3 ბრძანებისა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 16 ივნისის N4 ბრძანების დამტკიცება", - ნათქვამია განკარგულებაში.

პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე სთხოვა.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე - თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, ყიფშიძის ქუჩაზე - გარემოს დაცვის სამინისტრო, წყნეთის ქუჩაზე - თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, მზიურის ტერიტორიაზე - შინაგანი ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები, ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.

 

კომენტარები