სტიქია თბილისში

პრემიერი: არ დაეყრდნოთ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას

ირაკლი ღარიბაშვილი
მეორე არხი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს დაავალა, ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ დაეყრდნონ და ცხოველების რაოდენობა გადაამოწმონ. პრემიერმა ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ თავს ძალიან შეწუხებულად გრძნობს. პრემიერი მიიჩნევს, რომ მომხდარს პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს, რათა დადგინდეს ობიექტური სიმართლე, გამოირიცხოს ნებისმიერი კითხვა და სპეკულაცია.

"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. ორი დღის წინ, საგანგებო შტაბის სხდომაზე გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მომაწოდა საგანგებო შტაბმა. შტაბი ეყრდნობოდა ზოოპარკის ადმინისტრაციას, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ მოსახლეობისთვის. ამის მიუხედავად, მე, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ თავს. მე მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის ადმინისტრაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი, რომელმაც არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შსს-ს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ზოოპარკის მიღმა. მიუხედავად იმისა, რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ დირექტორისგან, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, თუ რამდენი ცხოველია გარდაცვლილი, რამდენი ნაპოვნი და ა.შ. თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ და დაადგინოთ, რამდენი მტაცებელია დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად... სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული ან დამხრჩვალი ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია. მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის არაერთგზის გაკეთებული განცხადებებისა და მოსახლეობა მაშინ უნდა გავაფრთხილოთ კიდევ ერთხელ, რომ რაღაცა საფრთხე არსებობს. ეს არის ჩვენი ვალდებულება. არ დაეყრდნოთ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თავად გადაამოწმეთ, მიდით ზოოპარკში, გააგზავნეთ ჯგუფებში და დარწმუნდით, რამდენი ცხოველია ზოოპარკში დარჩენილი, რამდენია გარეთ. სანამ არ აღმოაჩენთ ცხოველების გვამებს, მანამდე არ გაავრცელოთ და მოსახლეობას სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს მოსთხოვა, განემარტა, როგორ მოხვდა ანგარიშში ინფორმაცია, რომლის თანახმად, არცერთი მტაცებელი ცხოველი ქალაქში აღარ იმყოფებოდა.

"ეს ინფორმაცია გაავრცელა სხვადასხვა უწყებამ. ისინი ეყრდნობოდნენ ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას. ეს განცხადება პირველადცხოველების თაობაზე საბჭოში შემოვიდა ორშაბათ შუადღით, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკს მიღმა აღარ არიან. ეს გადავამოწმეთ მთელი დღის განმავლობაში ზოოპარკთან, შსს-თან. შსს-ს ჰქონდა იგივე ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გადამოწმების გარეშე ანგარიშში არ მოხვედრილა. შესაბამისად, ზოოპარკის დირექტორმა არაერთხელ განაცხადა როგორც ღია ეთერში, ასევე კომენტარებში, რომ მტაცებელი ცხოველები არ იყვნენ ზოოპარკის ტერიტორიის მიღმა. გუშინდელ ბრიფინგზეც ვეყრდნობოდით იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ მოგვაწოდა უწყებებმა. ეს იყო ზოოპარკი, შსს, მერია, შესაბამისად, გავრცელდა ის ინფორმაცია, რაც შემოვიდა კრიზისების საბჭოში", - თქვა მინდია ჯანელიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კი აღნიშნა, რომ ზოოპარკის განცხადების მიუხედავად, "ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს". მისი თქმით, სამძებრო ღონისძიებები ჩვეულებრივად გრძელდებოდა.

"გუშინ დამიკავშირდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი და მკითხა, ხომ არ შეგვემსუბუქებინა პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძებნასთან დაკავშირებით. მეთქი რატომ? მითხრა, რომ პირადად დირექტორის განცხადებით, აღარცერთი ცხოველი დაკარგული არ არის. ზოგი არის მკვდარი, ზოგი ცოცხალი და ვოლიერებში გადაყვანილი... ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და იყვნენ მობილიზებული... შემოდიოდა ინფორმაციები, სამძებრო ღონისძიებები გრძელდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ეზოში არაეთხელ იყვნენ შესულები და მოწმდებოდა, ძალიან ბევრჯერ გადავამოწმეთ. ეს იყო საწყობი, დაკეტილი, რკინის კარით და გისოსებით. წყალი იდგა, ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ შიგნით, თუ პატრონი არ გააღებდა ამას. ვეფხვი თვითონ ვერ მოხვდებოდა შიგნით. თუმცა, წყალმა რომ დაიწია, აღმოჩნდა სარდაფი, სავარაუდოდ, წნევით ჰყავს შეყვანილი ვეფხვი წყალდიდობის დროს... როგორ მოხვდა შიგნით, მუშაობენ და ნახავენ, როგორ შევიდა - გარედან ვერ მოხვდებოდა ვერანაირად, ფანჯრებია გისოსებით და არის რკინის კარები. აქედან გამომდინარე, ამას გავექცეოდით თუ არა, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს. მუშები შევიდნენ დასალაგებლად საწყობის, რვა მუშა იყო წინასწარი ინფორმაციით, ერთ მუშაზე მოხდა თავდასხმა და ესენი გამოვიდნენ უკან. ჩვენ რომ შევედით, როგორც კი გვაცნობეს, ეს ადამიანი უკვე უგონოდ იყო", - განაცხადა გომელაურმა.

 

კომენტარები