სტიქია თბილისში

ზოოპარკის დირექტორის მხარდასაჭერად კანცელარიასთან დღეს აქცია გაიმართება

lela askurava/fb.com

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად, დღეს, 20:00-ზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.  ორგანიზატორები საქართველოსა და თბილისის მთავრობების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ. აქცია Facebook-ში დაიგეგმა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია, რაც დღეს მოხდა. ეს არის აბსურდი: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ, რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე. ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. დღეს როდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ, ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ. შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთაურების გადადგომა"-  ნათქვამია განცხადებაში.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, მისი მოადგილე და რამდენიმე თანამშრომელი პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, ლაგუნა ვერესთან მომხდართან დაკავშირებით, რა დროსაც ვეფხვმა მამაკაცი მოკლა, უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. მომხდარის შემდეგ გურიელიძე პოლიციაში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, უთხრეს, რომ გარკვეული შეკითხვები არსებობს. გურიელიძისვე თქმით, მისი ბრალია, რომ სახელმწიფო უწყებებმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს და თქვეს, რომ ყველა ცხოველი ნაპოვნია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ყველა ცხოველი ნაპოვნი იყო. ისინი თბილისის ზოოპარკს ეყრდნობოდნენ. თავად ზოოპარკი კი გუშინ ნეტგაზეთთან და ლიბერალთან საუბარში აცხადებდა, რომ ეძებდნენ ვეფხვს, დათვსა და ზოლიან აფთარს, "ამაშია საქმე, რომ არ გვიპოვნია, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დანარჩენი ყველაფერი ვიპოვეთ".

კომენტარები