საქართველოს ევროპული გზა

ივანიშვილი ბათუმში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი

ბათუმში, კონფერენციაზე სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა", სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობა მასპინძლობდა, მინისტრებთან ერთად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. ის ევროკავშირის წარმომადგენლებს ცალკე შეხვდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიას განუმარტა - ექსპრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, როგორც "არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი", შეხვედრა კი თავად უცხოელმა სტუმრებმა მოითხოვეს.

"მე როგორც ვიცი, ევროკავშირიდან იყო სურვილი, რომ მას გაემართა სხვადასხვა წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები, როგორც ჩვენი არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ წამყვან წარმომადგენელს", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თქვა, რომ მან საერთოდ არ იცის, როგორ მოხდა ეს: "აქ ძალიან ბევრი დარბაზია, ძალიან ბევრი შეხვედრა იმართება, მე არ ვფლობ ინფორმაციას როგორ მოხდა ეს. ეს ჩვეულებრივი ფორმატია, რომელიც ითვალისწინებს, როგორც კონფერენციის ფარგლებში დისკუსიას, ასევე ორმხრივ შეხვედრებს“, - თქვა დავით ბაქრაძემ.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი ივანიშვილის ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტი სასარგებლოდ შეაფასა და მანაც დაადასტურა, რომ ექსპრემიერთან ცალკე, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა "წამყვანი წარმომადგენლების" გარეშე შეხვედრა, უცხოელი მაღალჩინოსნების სურვილი იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იყო დღეს ბატონი ბიძინას შეხვედრა, განსაკუთრებით ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარესთან, გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და მას ჰქონდა დიდი სურვილი შეხვედროდა ყოფილ პრემიერს და შესაბამისად შეხვდა ყოფილ პრემიერს", - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები