კრიზისების მართვის საბჭო

კრიზისების საბჭო: ამინდის მოსალოდნელი გაუარესებისთვის გეგმა შევიმუშავეთ

24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ საგანგებო თათბირი გამართა. საბჭოს ცნობით, შეხვედრაზე საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. 

"შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ 112-ის, ქ. თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა ზოგიერთ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს. შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

 

კომენტარები